ჩვენს ინსტიტუტს, როგორც პერიოდული, ისე თემატური სამეცნიერო კრებულების გამოცემის დიდი ტრადიციები აქვს. ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულის პერიოდული გამოცემა დაიწყო აკადემიკოს პაატა გუგუშვილის რედაქტორობით და გამოდიოდა შემდეგი სახელწოდებებით: ეკონომიკის ინსტიტუტის შრომები (1946-1967), ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის შრომები (1968-1976), ეკონომიკა (1969-1976). 2000-2004 წლებში კი პროფესორ გიორგი წერეთლის რედაქციით გამოდიოდა თემატური სამეცნიერო შრომების კრებული საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრობლემები საქართველოში. თემატური კრებულებიდან აღსანიშნავია: სუვერენული საქართველოს ეკონომიკის განვითარების კონცეფცია (მეცნ. ხელმძ. აკად. ა. გუნია), საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის კონცეფცია (მეცნ. ხელმძ. აკად. ვლ. პაპავა).
ინსტიტუტის დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ინსტიტუტში 2008 წელს დაარსდა ინსტიტუტის პერიოდული გამოცემა-პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, რომელიც გამოდის წელიწადში ერთხელ.
პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულში ქვეყნდება ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელთა და საქართველოს მეცნიერ-ეკონომისტთა ნაშრომები, რომლებიც ეძღვნება აქტუალურ სამეცნიერო და ქვეყნის საჭირბოროტო ეკონომიკურ პრობლემებს.
კრებული განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის და დახმარებას გაუწევს არა მხოლოდ სპეციალისტებს, არამედ ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
***
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულის მეოთხე ტომის გამოსაცემად. ამ ტომში სტატიების გამოქვეყნების მსურველებს შეუძლიათ ნაშრომების წარმოდგენა საიტზე არსებული გამოქვეყნების წესების შესაბამისად.