ინფორმაცია თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ღონისძიებების შესახებ

30-06-2014


2014 წლის 27 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტში ჩატარდა თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების აქტუალური პრობლემები.

კონფერენციის პლენარული სხდომა გახსნა აკადემიკოს პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ ემდ., პროფ. რამაზ აბესაძემ, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ და უცხოელ მეცნიერებს კონფერენციაში მონაწილეობისათვის. ემდ. პროფ. . აბესაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კონფერენციის თემატიკასა და კონფერენციის მნიშვნელობაზე, როგორც ეკონომიკური მეცნიერების განვითარების, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების სამეცნიერო კავშირების გაფართოების თვალსაზრისით. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის პირველი მოადგილე, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი სოროკინი, იოანე-პავლე II-ის სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი სლავამირ პარტიცკი (პოლონეთი), ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ლინას ჩეკანავიუსი, განვითარებისა და კვლევების ინსტიტუტის პროფ. აგნეშკა რზეპკა (პოლონეთი), კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორები: დაროლ სტენლი და ლევან ეფრემიძე, ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი ლენა ბელიაევა, ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პარკის დირექტორი მარია ბითაროვა, ასევე მეცნიერები პოლონეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ლიტვის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ჩეხეთისა და სხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეებიდან. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა: თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ღვედაშვილმა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა ავთანდილ არაბულმა. კონფერენციას ესწრებოდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ემდ, პროფ. თ. ბერიძე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო, კონფერენციას მიესალმნენ და პლენარულ სხდომაზე სამეცნიერო მოხსენებებით გამოვიდნენ ჩვენი ქვეყნისა და საზღვარგარეთის მრავალი მეცნიერ-ეკონომისტი. საზღვარგარეთიდან _ აკადემიკოსი დიმიტრი სოროკინი (რუსეთი), პროფესორები: სლავომირ პარტიცკი (პოლონეთი), ლინას ჩეკანავიუსი (ლიტვა), მარია ბიტაროვა (რუსეთი) და სხვა. საქართველოდან _ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლეო ჩიქავა, პროფესორები: ელგუჯა მექვაბიშვილი, გიორგი ბერულავა, როზეტა ასათიანი, თემურ შენგელია და უშანგი სამადაშვილი. პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციამ მუშაობა სექციების მიხედვით განაგრძო. კონფერენციის მუშაობა წარიმართა შემდეგ სამეცნიერო სექციებში: ეკონომიკური თეორიის (ხელმძღვანელები: ემდ, პროფ. ა. კურატაშვილი და ეკონ. დოქტორი რ. ჯავახიშვილი); სექტორული და რეგიონული ეკონომიკის (ხელმძღ. ემდ, ვ. ბურდული, ეკონ. დოქტორი ქ. ქველაძე); მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების (ხელმძღ. ემდ, პროფ. მ. კვარაცხელია, ეკონ. დოქტორი ი. ნათელაური); მაკროეკონომიკის (ხელმძღ. ემდ, პროფ. გ. ბედიანაშვილი, ეკონ. დოქტორი ნ. არევაძე); ბიზნესის ადმინისტრირების (ხელმძღ. ემდ, პროფ. გ. ბერულავა, ეკონ. დოქტორი ე. კაკულია); ფინანსებისა და საბანკო საქმის (ხელმძღ. ეკონ. დოქტორები თ. ლაზარაშვილი, მ. გელაშვილი); ბუნებათსარგებლობის, გარემოს დაცვისა და სოფლის ეკონომიკის (ხელმძღ. ეკონ. დოქტორები: მ. ხუსკივაძე, ზ. რევიშვილი); სოციალური და დემოგრაფიული (ხელმძღ. პროფ. ა. სულაბერიძე, ეკონ. დოქტორი ე. ჩიქოვანი). სამეცნიერო სექციების ხელმძღვანელებმა სექციების მუშაობის შეჯამებისას ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების იმ პრობლემებზე, რომლებიც წამოჭრეს მომხმარებლებმა. სამეცნიერო სექციების ხელმძღვანელებმა, ასევე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ კონფერენცია ჩატარდა მაღალმეცნიერულ დონეზე და მომხსენებლების მიერ წარმოჩენილ იქნა არაერთი მეცნიერული სიახლე, წინადადება და რეკომენდაცია. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა ემდ, პროფ. რამაზ აბესაძემ დადებითად შეაფასა კონფერენციის მუშაობა.

28 ივნისს გაიმართა თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო-საზეიმო სხდომა. სხდომას უძღვებოდა თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი ემდ, პროფ. რამაზ აბესაძე. მან თავის ვრცელ მოხსენებაში ისაუბრა ინსტიტუტის დაარსებიდან დღემდე, ეკონომიკის დარგში ამ ფლაგმანი საქმეში. მან ყურადღება გაამახვილა ომის ქარცეცხლიან დღეებში ინსტიტუტის ინსტიტუტის ადგილსა და როლზე ეკონომიკური მეცნიერების განვითარების დამაარსებელსა და დირექტორზე 32 წლის მანძილზე, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის იმ დიდ დამსახურებაზე, რომელმაც თავისი პიროვნული თვისებებით, დაუღალავი, მრავალმხრივი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობით განაპირობა ინსტიტუტის დიდი ავტორიტეტი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებაში. პროფ. რ. აბესაძემ დიდი პატივისცემით აღნიშნა ინსტიტუტის ყოფილი დირექტორების, აკადემიკოსების ავთანდილ გუნიას, ვლადიმერ პაპავასა და პროფ. გ. წერეთლის იმ დიდ დამსახურებასა და ღვაწლზე, რაც მათ გასწიეს ინსტიტუტის სამეცნიერო პოტენციალის შემდგომი ამაღლებისა და დამკვიდრებისათვის. პროფ. რ. აბესაძემ ვრცლად გააშუქა ინსტიტუტის არსებობის სხვადასხვა ეტაპზე ამ სამეცნიერო დაწესებულებაში მომუშავე მეცნიერთანამშრომლების ის დიდი წვლილი, რაც მათ შეიტანეს ეკონომიკური მეცნიერების განვითარების საქმეში და მათ მიერ გამოქვეყნებულმა მონოგრაფიებმა, სახელმძღვანელოებმა, ბროშურებმა, სამეცნიერო სტატიებმა და მეცნიერული კვლევის შედეგად მიღებულმა დასკვნებმა, მოსაზრებებმა, წინადადებებმა და რეკომენდაციებმა, თუ რა ფართო აღიარება მოუტანეს როგორც მის ავტორებს, ისე აკადემიკოს პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტს. გამოსვლის ბილოს, რამაზ აბესაძემ 75 წლის იუბილე მიულოცა და ინსტიტუტის ადრესი გადასცა ცნობილ მეცნიერს როზეტა ასათიანს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში. საიუბილეო სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომელმაც მიულოცა ინსტიტუტს და მის თანამშრომლებს საიუბილეო თარიღი და აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, ინსტიტუტმა შეინარჩუნა არსებობა და დღესაც ღირსეულად აგრძელებს წინაპართა ტრადიციებს, რაც ინსტიტუტის ხელმძღვანელობისა და მთელი კოლექტივის დიდი დამსახურებაა. აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მადლობა გადაუხადა თსუ-ს რექტორს ვლადიმერ პაპავას ეკონომიკის ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ მეცნიერებათა აკადემია იბრძოლებს, რომ ინსტიტუტებმა თავისი სტატუსი განამტკიცონ და თანამშრომლებმა ღირსეული ანაზღაურება მიიღონ. სხდომის მონაწილეებს მიესალმა თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. მან დიდი სიყვარულით გაიხსენა ინსტიტუტში გატარებული პერიოდი და აღნიშნა, რომ იქ გატარებული წლები მისი ცხოვრების დაუვიწყარი პერიოდია. მან აღნიშნა, რომ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ. ჩვენი _ სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვალია, მაქსიმალურად დავიცვათ მათი ინტერესები მთავრობისა და სახელმწიფოს წინაშე და დაამატა _ ჩვენი თაობის უდიდესი შეცდომა და დანაშაული იქნება, თუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტს არ შევინარჩუნებთ და არ გავაძლიერებთ. ვლადიმერ პაპავამ გულთბილად და პატივისცემით მოიგონა ეკონომიკის ინსტიტუტის ყველა ის მეცნიერი, ვინც თავისი მოღვაწეობით და პიროვნული თვისებებით განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ინსტიტუტის განვითარების ისტორიაში. ესენია: აკადემიკოსი ავთანდილ გუნია, პროფესორები: არჩილ თეთრაული, გიორგი წერეთელი და სხვები. გამოსვლის ბოლოს, თსუ-ს რექტორმა, აკად. ვლ. პაპავამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი გადასცა ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რამაზ აბესაძეს `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე არსებული დიდი დამსახურებისა, სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის~. ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი გადაეცა ასევე ამ ინსტიტუტის ერთ-ერთ პირველ თანამშრომელს, ეკონომიკის დოქტორს, ქალბატონ შუშანა მარგველაშვილს, რომელიც ღონისძიებას ხანდაზმულობის გამო ვერ დაესწრო. ცოტა ხნით ადრე ამ მედლით ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი როზეტა ასათიანი დაჯილდოვდა. საიუბილეო სხდომაზე ინსტიტუტს მიესალმნენ, სიტყვით გამოვიდნენ, მოგონებები და მილოცვები წაიკითხეს: აკადემიკოსმა დ. სოროკინმა (რუსეთი), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ემდ, პროფ. ლ. ჩიქავამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. თ. ბერიძემ, ილიას უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის სახელით პროფ. რ. აბესაძეს ადრესი გადასცა უფროსმა მეცნიერთანამშრომელმა ციცინო გვრიტიშვილმა, ჟურნალ `ეკონომიკა და ბიზნესის~ მთავარმა რედაქტორმა, ემდ. პროფ. რ. გოგოხიამ, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერთანამშრომელმა, ეკონომიკის დოქტორმა რ. ჯავახიშვილმა,,სლავომირ პარტიცკიმ (პოლონეთი), ეკონომიკის აკადემიურმა დოქტორმა ბ. ქეჩბაიამ (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და დაროლდ სტენლიმ (აშშ, კალიფორნიის უნივერსიტეტი). თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ემდ, პროფ. რამაზ აბესაძემ ერთხელ კიდევ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის და დადებითად შეაფასა როგორც საერთაშორისო კონფერენციის, ისე საიუბილეო-საზეიმო სხდომის მუშაობა. საიუბილეო დღეებში გაიმართა კულტურული ღონისძიებები.



უკან
Created by Spar.ge