ლეო ჩიქავა – 90

06-06-2018


2018 წლის 23 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში(პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის უშუალო ჩართულობითა და ფართოდ მონაწილეობით) ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიის წევრ-კორესპონდნეტის ლეო ჩიქავას დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მოხსენება – „ლეო ჩიქავას ცხოვრება და მოღვაწეობა“ წაიკითხა თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ. შემდეგ დრო დაეთმო გამოსვლებსა და მოგონებებს.

ფართოა ბატონი ლეოს სამეცნიერო კვლევების სფერო. მისი ნაშრომები მიეკუთვნება ეკონომიკური თეორიის, მაკროეკონომიკის, მრეწველობის, დამოგრაფიის, სოციოლოგიის და ტერმინოლოგიის პრობლემებს. იგი არის 170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, აქედან 21 მონოგრაფიის, წიგნისა და ბროშურის ავტორი.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბატონი ლეოს მიერ ტერმინოლოგიური ლექსიკონის დასრულება, რომლის შედგენა დაიწყეს, მაგრამ ვერ დაამთავრეს, აკადემიკოსებმა პაატა გუგუშვილმა და ვასილ ჩანტლაძემ და რომელიც ეკონომისტების სამაგიდო წიგნია.

შესანიშნავია მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, კეთილშობილი ადამიანის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლეო ჩიქავას ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება მისი კოლეგების, მეგობრებისა და აღზრდილების გულში.

 



უკან
Created by Spar.ge